რაგბის კავშირმა 2014 წელი შეაჯამა

29.12.2014

დღეს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოვდნენ 2013/2014 წლების სეზონში გამარჯვებული გუნდები, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებად გამოვლენილი მოთამაშეები, მწვრთნელი და მსაჯი. დასახელდა სეზონის სიმბოლური ნაკრები.

ოქროს მედლებით დაჯილდოვდა საქართველოს ჩემპიონი “ლელო სარასენსი”

ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ შესაბამისად არმიას და ლოკომოტივს.

ისევ "ლელო სარასენსი" დაჯილდოვდა ოქროს მედლებით  დუბლებს შორის გამარჯვებისთვის.

ამით ჩვენი წარმატებების აღიარება არ დასრულებულა: - წლის საუკეთესო მწვრთნელად ლევან მაისაშვილი დასახელდა, საქართველოს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მორაგბედ ლაშა ხმალაძე, 223 ქულით საუკეთესო მექულედ ირაკლი ყიასაშვილი.

ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენთვის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ჩემპიონი გუნდის მორაგბეთა ესოდენ მოკრძალებული რაოდენობა.

როგორც ჩანს გამოკითხვაში მონაწილეეს შეხსენება სჭირდებათ, რომ გასულ სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე მორაგბეთაგან ზოგი მიმდინარე სეზონში უცხოურ კლუბებში მოღვაწეობს ანაც მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ მოასპარეზე მოთამაშეს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზთა გამო თითქმის მთელი წინა სეზონი გამოეტოვებია...

ასეა თუ ისე, 2013/2014 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში "ლელო სარასენსის" ოთხი მოთამაშე მოხვდა: - გიორგი სანიკიძე, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე და ლაშა ხმალაძე.

სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

1. გიორგი სანიკიძე               2. დავით ხიდეშელი               3. დავით გურგენაძე

                  4. მიხეილ არჩუაშვილი                 5. სანდრო ქოიავა

6. გიორგი თხილაიშვილი       8. ბექა ბიწაძე                  7. გუჯა სურგულაძე

                                                  9. გიორგი ბეგაძე

                                                                     10. ლაშა ხმალაძე

                                                                                          12. გიგა გაგოშვილი

                                                                                                             13. გიორგი ფრუიძე

11. ლევან გოგოლაშვილი                                                                                                        14. ირაკლი გეგენავა

15. ბექა წიკლაური

 

ბორჯღალოსანი მერაბ შარიქაძე 2014 წლის საუკეთესო მორაგბეა! “აკადემიის” აღზრდილი 21 წლის მორაგბე ეროვნულ გუნდში 2012 წლიდან გამოჩნდა და ასაკის მიუხედავად, ბოლო ორი სეზონია “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. მას დამსახურებულად ერგო ეს ჯილდო!

გასული სეზონის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახდა,

საუკეთესო ქალი მორაგბე ანა პოღოსიანი,

9 გატანილი ლელოთი მელელოვის ტირული არავის დაუთმო “არმიას” გარემარბმა ალექსი ტუჩაშვილმა (ტუჩაშვილი ღონისძიებაზე ვერ მოვიდა ამიტომ მისი პრიზი მის თანაგუნდელს, დავით გურგენაძეს გადაეცა),

აგრეთვე დაჯილდოვდნენ პირველი ლიგის გამარჯვებული “თიბიეს უნივერსიტეტი” და 7-კაცას საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული რუსთავის “ხარები”

ეს ყველაფერი დაჯილდოვების ცერემონიალის დასკვნით ნაწილში მოხდა, მანამდე კი, საქართველოს რაგბის კავშირის შემაჯამებელი ღონისძიება მამა ილიას დალოცვით დაიწყო, რომელმაც იქ შეკრებილები და სრულიად საქართველოს სარაგბო ოჯახი დალოცა. ამის შემდეგ იყო წუთიერი დუმილი “არმაზისა” და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დავით ვართანიანის გარდაცვალების გამო.

შემდეგ სცენაზე 2014 წლის ევროპის ჩემპიონებს, 19-წლამდე ბორჯღალოსნებს უხმეს. ახალგაზრდულის ერთერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ განაცხადა: "ძალიან რთულია ევროპის ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ უფრო რთულია ამის შენარჩუნება! 19-წლამდელებმა ეს შეძლეს." 

შეგახსენებთ, რომ იმავე სპორტის სამინისტრომ საქართველოს რაგბის კავშირი წლის საუკეთესო ფედერაციად აღიარა და სიტყვაც სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ აიღო:

“ესაა ყველა იმ ადამიანის ჯილდო, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთით ქართულ რაგბიში მოღვაწეობს. 2014 წელი კარგი იყო, ხოლო 2015 გარდამტეხი იქნება. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ჩვენი 4-წლიანი მუშაობის შედეგი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართველ ხალხს მომავალი წლის ოქტომბერში (2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისში გაიმართება მსოფლიო თასი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას) კიდევ ერთხელ გაახარებს”.

ბოლო დროს ტრადიციად იქცა ვეტერანთათვის პატივის მიგება. წელს პირველად დაჯილდოვდა 80 წლის ვეტერანი მორაგბე - ნოდარ კაჭარავა, მის გარდა კი, მრგვალი თარიღი მიულოცეს 70, 60 და 50 წლის ვეტერანებს.

სულ ბოლოს გიორგი ნიჟარაძემ შეკრებილთ ერთი სამწუხარო ამბავი ამცნო - ნაკრებს ემშვიდობება “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ნაკრების კვართი 73-ჯერ მოირგო, 13-ჯერ იყო გუნდის კაპიტანი და ჯამში 24 ლელო დადო. გიორგი ნიჟარაძემ დადო პირობა, რომ ის აუცილებლად დასაქმდება საქართველოს რაგბის კავშირში და მაჩხანელს გადასცა წმინდა გიორგის მედალიონი, რომელზეც ირაკლი მაჩხანელის სახელი და გვარი, ასევე მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაა ამოტვიფრული. ქართველ მორაგბეთაგან მსგავსი საჩუქარი აქამდე მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჰქონდა მიღებული და ახლა მას მეორე ირაკლი დაემატა.

ირაკლი მაჩხანელის ოფიციალური გაცილება 2015 წლის ერთა თასზე რუსეთთან მატჩისთვის იგეგმება, მანამდე კი, 33 წლის მორაგბემ განაცხადა: მივიღე გადაწყვეტილება და სანაკრებო კარიერა დავასრულე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში ეროვნული გუნდის მაისურით რომ ვთამაშობდი. მომავალ მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნების” უდიდესი გულშემატკივარი ვიქნები - ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ”.

2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ბოლოს დარბაზში შეკრებილებს, ქართული რაგბის მეგობარმა ანსამბლმა, "შვისკაცამ" უმღერა.

გულწრფელად ვულოცავთ ყველა ნომინანტს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას და წარმატებას!


 

 

უკან დაბრუნება