ახალი მაისურების პრეზენტაცია

21.01.2015
დღეს, ლელოს დიდი დიღმის ბაზაზე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სიახლეებზე იასაუბრა და გააჟღერა კლუბის გეგმა "ლელო სარასენსი" აკადემიას ჩამოაყალიბებს.
 
 

სტატიის ავტორი: ზ.ქსოვრელი
ფოტოები: თ. ყულუმბეგაშვილი
---
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლელო-სარასენსი” სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ემზადება და ამ ეტაპზე პლეი ოფში სასურველი პირველი-მეორე ადგილით გასვლას გეგმავს.
>>> http://worldsport.ge/ge/page/110825_axali-maisurebit-da-inglisuri-gakvetilebit
გუნდი დარჩენილ შეხვედრებს ახალი მაისურებით ჩაატარებს, რომლებიც ინგლისურმა “სარასენსმა” სპეციალურად “ლელო-სარასენსისთვის” დაამზადებინა. გარდა ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი იმ ცოდნის გამოყენებას ეცდებიან, რომელიც მათ ბრიტანეთში გატარებული 10-დღიანი სტაჟირებისას შეიძინეს.

“ლელო-სარასენსის” დიდი დიღმის ახალ ბაზაზე, სადაც თამაშები მხოლოდ მომდევნო სეზონიდან თუ ჩატარდება, კლუბმა ახალი ფორმების პრეზენტაცია მოაწყო, მაისაშვილმა კი, ინგლისში გატარებულ დღეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ლევან მაისაშვილი: “მე და მიხეილ სუჯაშვილი სარასენსის ბაზაზე 10 დღე ვიმყოფებოდით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დავესწარით ამ გუნდის ორი თამაშს “ლონდონ აირიშთან” და “გლოსტერთან”. საგულისხმოა, რომ მთელი ეს პერიოდი სრულად ვიყავით ჩართული გუნდის მომზადებაში, ვიდეო ანალიზში და უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. უცხოურ კლუბებში სტაჟირებებზე აქამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი მასშტაბის ვიზიტი არასდროს მქონია.

დაბრუნების შემდეგ, იქ მიღებული ინფორმაციით გუნდს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ვამზადებთ. ახალ წლებზე მხოლოდ 7 დღე დავისვენეთ და ფიზიკური და ტექნიკური მზადება განვაახლეთ. ეროვნული ნაკრების წევრები ცალკე ემზადებოდნენ, დანარჩენებს ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ავარჯიშებდა. გუნდში საბრძოლო განწყობაა, პირველი თამაში 31 იანვარს, რუსთავში “ხარებთან” გვიწევს. ეს იქნება ურთულესი და უპრინციპულესი შეხვედრა, რომლის შედეგსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვეცდებით პლეი ოფში სასურველი ადგილით შევიდეთ”.

-“ლელო-სარასენსში” “სარასენსის” რომელიმე მოთამაშეს ხომ არ ვიხილავთ?

- ამის შესაძლებლობა გვაქვს და იმ 9 კლუბს, რომელთანაც “სარასენსს” მსგავსი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ინგლისელი მორაგბეები არაერთხელ გამოუყენებიათ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობა, რომ ვინმე ჩამოვიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იგეგმება და მერე ვნახოთ.

- სამომავლოდ “სარასენსთან” ერთად მოსამზადებელი ეტაპის გავლა ხომ არ იგეგმება?

- აქაც ფინანსებია გადამწყვეტი. შეიძლება “სარასენსის” მეორე გუნდის მოწვევა, ან ინგლისში ჩასვლა და მათთან თამაში, მაგრამ ამას უზარმაზარი ფინანსები უნდა, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ რომელიმე ჩვენი მოთამაშე თავს გამოიჩენს, მასაც ექნება “სარასენსის” მეორე გუნდში, ან აკადემიაში გამგზავრების შანსი, მაგრამ ამისათვის გარკვეულ დონეს უნდა აკმაყოფილებდეს. იქ თამაშობს აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე, ასევე მეორე გუნდშია რუმინელი ფერკუ და სავარაუდოდ ზაფხულში, იქაურ აკადემიაში ორი კვირით ჩვენი კლუბის რომელიმე ნიჭიერი მორაგბე გაემგზარება.

გიორგი კაჭარავა (“ლელო-სარასენსის” კაპიტანი): “ცვლილებები შარშანდელი ჩემპიონობის შემდეგ დაიწყო. “ლელო” და “სარასენსი” დამეგობრდნენ და ეს პროგრესს ემსახურება. კლუბი ზრუნავს ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებაზე. დიდ დიღომში გვაქვს ახალი ბაზა, “ლელო-სარასენსში” უმეტესად დიდდიღმელი მორაგბეები თამაშობენ და ტიტულის დაცვას ვეცდებით. მთავარია პლეი ოფში სასურველი ადგილით გავიდეთ და იქ თამაშების მოგების დიდი გამოცდილება გვაქვს”.

ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსის ვიცე-კაპიტანი): “ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან კავშირით უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ. სემინარები აქაც ჩატარდა და ჩვენი მწვრთნელებიც იყვნენ ინგლისში. ახლა გუნდი ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის ემზადება, სადაც ყველა თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მაქსიმალური შედეგის ჩვენებას ვეცდებით”.

----
საქართველოს ბოლო ორი წლის ჩემპიონი თბილისის “ლელო-სარასენსი” უახლოეს პერიოდში საკუთარი აკადემიის ამუშავებას აპირებს.
>>> http://worldsport.ge/ge/page/110832_lelo-sarasensi-akademias-ayalibebs
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და მიხეილ სუჯაშვილი, იანვრის პირველ დღეებში ბრიტანეთში, “სარასენსის” ბაზას სტუმრობდნენ და დიდი ხნის იდეის ხორცშესხმაც იქ მიღებული გამოცდილების გამოყენებით მოხდება. თუმცა, ინგლისური მოდელის პირდაპირ კოპირება ვერ მოხერხდება და ამის მიზეზებზე მაისაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“მე და მიხეილ სუჯაშვილი “სარასენსის” აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გავეცანით. დავესწარით “სარასენსისა” და “ბრისტოლის” 18-წლამდელთა გუნდების შეხვედრას. ეს განსაკუთრებით მიხეილისთვის იყო საინტერესო, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელია და ბევრი საინტერესო რამ ჩაინიშნა. “სარასენსის” აკადემიის სტრუქტურა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, რომ “ლელოც” აპირებს აკადემიის ამუშავებას. მათი სისტემის კოპირება ვერ მოხერხდება, რადგან აბსოლიტურად განსხვავებული მასშტაბებია, თუმცა, ბევრი საინტერესო რამის აღება ნამდვილად შეიძლება.

ინგლისში უმაღლესი ლიგის ათივე და მეორე დივიზიონის ორ კლუბს საკუთარი აკადემია აქვს. “ლელოში” აკადემიის დაარსებაზე დიდი ხანია ვფიქრობთ და ახლა ეს საქმე ხორცს შეისხამს. სულ მალე ვარკეთილში ჩვენი მეორე მოედანიც მზად იქნება, რაც მუშაობის საშუალებას მოგვცემს. იმ მოთამაშეებს, რომლებიც გამორჩეულები არიან, მეტ დროს დავუთმობთ. ზოგადად, უფრო მაღალ დონეზე გასასვლელად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ინგლისში ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ფიზმომზადება უმაღლეს დონეზეა და 14 წლის ახალგაზრდები უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენები არიან, რომელთაც მერე სწორი თამაში უნდა ასწავლო და მეტი არაფერი. ჩვენთან ფიზკულტურის გაკვეთილები არავინ იცის რას ემსახურება და ახალგაზრდებს სწორად სირბილიც კი ჩვენ უნდა ვასწავლოთ. ჩვენს ახალგაზრდულ გუნდებში 450-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს და მათი 80 პროცენტი ფიზიკურად მოუმზადებელია. ეს პრობლემაა სპორტის ყველა სახეობისთვის, რადგან სწორად აღზრდილი მოზარდი, რაგბის ითამაშებს ის, ფეხბურთს თუ კალათბურთს, უკვე მზად იქნება”.
 
უკან დაბრუნება