ლიდერს კიდევ უფრო დავუახლოვდით

29.03.2015

დღეს, უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ტური გაიმართა. ერთმანეთში ურთიერთობას მოწინავე ექვსეულის გუნდები არკვევდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო ტურის ყველა მატჩი დაძაბული იყო.

ლელო სარასენსი ლოკომოტივს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა მარტყოფში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ძლიერი წვიმის გამო შევარდების ხელოვნურ სტადიონზე გაიმართა. წვიმამ, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი გავლენა მოახდინა მატჩის სანახაობრივ მხარეზე. ბევრი იყო შეცდობა და აქედან გამომდინარე შეჩერებებიც. მოედანზე დაძაბულობა იგრძნობოდა, რასაც ორივე გუნდის მხრიდა კიდევ უფრო მეტი შეცდომა მოჰყვა. მთელი თამაში "ქულა-ქულაში" მიმდინარეობდა და ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა საბოლოო ჯამში, მატჩის მიწურულს ლოკომოტივის დამრტყმელის მიერ გაცუდებული ჯარიმის წყალობით ლელომ გაიმარჯვა 14:12.

მატჩის ფოტოები...

ამ გამარჯვებით ლელო სარასენსმა ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა ყოჩებთან, რომლებმაც თავის მხრივ სტუმრად დათმეს შეხვედრა ბათუმთან 19:17. აიამ, ასევე სტუმრად, რუსთავში დაამარცხა ხარები 13:17 და არმაზს, რომელმაც ჯიქებთან 20:6 გაიმარჯვა, ექვსეულში მოხვედრის მინიმალური შანსი შეუნარჩუნა. მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მეორე გამარჯვება მოიპოვა თიბიესმა არმიასთან შეხვედრაში 18:14, თუმცა ამ მატჩს არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მომდევნო ტური 4-5 აპრილს გაიმართება და სწორედ მაშინ გაირკვევა თუ როგორ განაწილდება ადგილები რეგულარულ ჩემპიონატში.

 

უკან დაბრუნება