ლელო სარასენსი კვლავ ჩემპიონია

09.05.2015

დიდ ფინალში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ლელო სარასენსი და ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ.

ჩვენმა გუნდმა, შეიძლება ითქვას, შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეს და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. გარდა იმისა, რომ შესვენებაზე ოცქულიანი უპირატესობით გავედით, თამაშის ყველა კომპონენტში ვჯაბნიდით მოწინააღმდეგეს.

მეორე ტაიმი იგივე შემართებით დავიწყეთ, თუმცა ტაიმის შუაში, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ყურადღება მოვადუნეთ, რითაც შესანიშნავად ისარგებლა მოწინააღმდეგემ, მატჩის მიწურულს ანგარიშის სხვაობა საგრძნობლად შეამცირა და საბოლოო ანგარიში 30:21 დაფიქსირდა ლელო სარასენსის სასარგებლოდ.

ეს ჩვენი გუნდის ზედიზედ მესამე და საერთო ჯამში მეხუთე ჩემპიონობაა. ყველას გილოცავთ ამ წარმატებას - ჩვენი კლუბის ყველა წევრს, ვინც თქვენი წვლილი შეიტანეთ გამარჯვებაში, ყველა გულშემატკივარს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გვქომაგობდით და მხარში გვედექით. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის!

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

თემურ ბენდიაშვილი (“ლოკომოტივისმთავარი მწვრთნელი): “გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. ჩვენ კი გვინდოდა, რომ ორივე ერთნაირად კარგად გვეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა. პირველ ტაიმში შეცდომები მრავლად დავუშვით და ამით “ლელომ” კარგად ისარგებლა, რომელსაც დამსახურებულ ჩემპიონობას ვულოცავ. დღეს ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი მაქსიმუმი, დანაკლისის შევსებაც რთული აღმოჩნდა და სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ასეთ თამაშში ამდენ შეცდომას არავინ გვაპატიებდა. უყურადღებობის ბრალია, მეტოქის მოლი რომ ვერ შევაჩერეთ და მეტოქეს პირველ ტაიმში ორი ლელო ვაჩუქეთ. ჯამში, არც ამ თამაშით და არც განვლილი სეზონით, კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რისი სურვილიც მქონდა”.

ბექა წიკლაური (“ლოკომოტივისკაპიტანი): “ზედმეტად ინდივიდუალურად მოვინდომეთ თამაში და ამისათვის დავისაჯეთ. გადაყრაზე “ლელო” უკეთესი იყო, შეცდომები დავუშვით და მეტოქემ გვაჯობა. თავიდან ქულების აღების შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. “ლელომ” პირველივე შეტევისას ლელო გაგვიტანა და ამის შემდეგ ვეღარ დავლაგდით. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობით დავმარცხდით და მერეში სიტუაციის შემობრუნება ვეღარ შევძელით. ვთვლი, რომ ქვეყანას ღირსეული ჩემპიონი ყავს”.

ლევან მაისაშვილი (“ლელო-სარასენსისმთავარი მწვრთნელი): “იმაში, რომ მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, განსაკუთრებული არაფერია. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეცვლებზე ის მოთამაშეები შევიყვანე, ვისაც მანამდე ფინალი ნათამაშები არ ჰქონდა. როდესაც 20 ქულას იგებ, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ყურადღებას მოადუნებ. თამაშის პულსზე ხელი გვეჭირა და თუ საჭირო გახდებოდა, მისი სადავეების დაბრუნებას ნებისმიერ დროს მოვახერხებდით. “ლოკომოტივიც” კარგი გუნდია, ბოლომდე იბრძოლა და როდესაც შანსი მიეცა, მათი გამოყენება მოახერხა.

ამ თამაშში გადამწყვეტი გამოცდილება და სათამაშო დისციპლინა აღმოჩნდა. დაახლოებით 20 წუთი უშეცდომოდ ვითამაშეთ და ამ პერიოდში ავკრიფეთ ქულები. ვიყავით აქტიურები შეტევაში და აგრესიულები დაცვაში. ვფიქრობ, ჯამში კარგი ფინალი გამოვიდა.

ევროტურნირებში მონაწილეობა ფინანსებზე მიბმული. სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონობას დამატებითი ფინანსები არ მოაქვს. უკვე მესამედ გავხდით ჩემპიონები, წინა ორ ჯერზე ასე იყო და არც ახლა მგონია სპონსორები დაგვსიონ. არსებული დაფინანსებით შიდა ჩემპიონატში ვერ გაგვაქვს თავი და რომელ ევროთასებზე გასვლაზეა საუბარი”.

ლაშა ხმალაძე (“ლელო-სარასენსისვიცე-კაპიტანი): “ფინალისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, სისუსტეები გამოვასწორეთ, განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვიმუშავეთ მათ სისუსტეებზე და ძლიერ მხარეებზე. თამაშს გეგმა-ზომიერად მივყევით და ყველაფერი კარგად გამოვიდა. იყო პატარ-პატარა შეცდომები, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. სამივე ჩემპიონობა რთული იყო. 2013 წელს არავინ ელოდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, შარშან ტიტულის დაცვა მოვახერხეთ, ხოლო წელს ზედიზედ მესამედ გავხდით საუკეთესოები, რაც საქართველოში აქამდე ვერავის მოუხერხებია”.

 

უკან დაბრუნება