დიდი 10 | ჩემპიონი ლელო სარასენსი ტიტულის დაცვას აგრძელებს

30.04.2017

ქვეყნის ჩემპიონმა ‘ლელო-სარასენსმა’ დიდი 10-ის პლეი ოფის მეორე წრეში ‘აკადემია’ 31:26 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის 7 მაისს ‘ბათუმს’ ერკინება.

 

რუსთავი არენაზე გამართული შეხვედრა დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ბურთაობით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ლიდერი 4-ჯერ შეიცვალა, საბოლოო სიტყვა კი უფრო გამოცდილმა ‘ლელო-სარასენსმა’ თქვა.

 

საწყის 20 წუთში სოსო მათიაშვილმა ‘აკადემია’ ჯარიმით ორჯერ დააწინაურა, ირაკლი ყიასაშვილმა ორივეჯერ ჯარიმით უპასუხა. 23-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გავიდა და ‘ლელო-სარასენსი’ დაწინაურდა. მათიაშვილი საკუთარი 22-იდან ფეხით ცდილობდა ბურთის მოგერიებას, მას თორნიკე ბუბუტეიშვილმა დაუფარა, ბურთი თავადვე აიტაცა და ლელოში შეხტა. ყიასაშვილმა გარდასახა - 6:13.

 

გაშვებული ლელოს შემდეგ ‘აკადემია’ გააქტიურდა და მათიაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 1 წუთში შეცდომები გამოასწორა და ლელო შექმნა. მან ფეხით გადაკიდა ბურთი და თავადვე მოხსნა, შეტევა ჯიმი ღამბაშიძემ გააგრძელა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში გიორგი ჭუაძე შეუშვა. მათიაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, თუმცა ზედ შესვენების წინ ყიასაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი ‘ლელო-სარასენსს’ 16:13 მოაგებინა.
 

მეორე ტაიმის დებიუტში ყიასაშვილმა ჯარიმით უპიირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ‘მხატვრებმა’ მარცხის საფრთხე იგრძნეს, ტემპს უმატეს და ამან შედეგი გამოიღო. ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, ბოლოს ეს მათიაშვილმა მოახერხა და ძელებსშუა დადებული ლელო თავადვე გარდასახა. მანვე მონაგარს კიდევ ორი ჯარიმა შემატა და დასკვნითი მეოთხედის წინ ‘აკადემია’ 26:19 დაწინაურდა.

 

ახლა ‘ლელო-სარასენსის’ ჯერი დადგა, მათი ცნობილი მოლი ზედ ლელოს ხაზთან ჩაიქცა, ბურთი კიდეზე ბოლომდე ჩათამაშდა, ყიასაშვილმა მერაბ კვირაშვილს ოფლოუდი ამოუგდო, მან ალექსანდრე თოდუას გადაცემა არ დაუგვიანა და ლელო ყიასაშვილმა გარდასახა. 3 წუთში ჩემპიონს კიდევ ორჯერ შეეძლო ლელოს დადება და აქედან ერთი გამოიყენა: სწრაფი შეტევა ალექსანდრე ხეცოიძემ გააგრძელა, 22 მეტრი ბრძოლით დაფარა და ბურთი დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ლელო-სარასენსმა’ 31:26 მოგებით ტიტულის შენარჩუნებისკენ მეორე ნაბიჯი გადადგა.
 

აკადემია 26:31 ლელო სარასენს

აკდ: მათიაშვილი ლაზარიშვილი ხელაია ჭუაძე ს.ილურიძე <10-9> ახობაძე (დავითაშვილი) ჯ.ღამბაშიძე (ბ.მაზმიშვილი) / გვარამია (ქადარია) ლომაური რ.მაზმიშვილი (ტიტვინიძე რ.მაზმიშვილი) ბერიკაშვილი ზოიძე (მაღლაკელიძე გ.ილურიძე) ლუარსაბიშვილი (მაღლაკელიძე) შუბითიძე^კაპ გოგლიძე – 2ლ: ჭუაძე მათიაშვილი; 2გ 4ჯ: მათიაშვილი 

ლელ: კვირიკაშვილი ხეცოიძე ხეცურიანი (ბარკალაია) თოდუა ყიასაშვილი <10-9>  ხმალაძე^კაპმინდიაშვილი / ჯულაყიძე (მარგალიტაძე) ჭყოიძე (ლომთაძე) ქართველიშვილი (მჭედლიძე) ჭეიშვილი (ხორბალაძე) ქოიავა ბუბუტეიშვილი ბერიაშვილი (იორდანიშვილი) მაისურაძე – 3ლ: ბუბუტეიშვილი თოდუა ხეცოიძე; 2გ 4ჯ: ყიასაშვილი 

რეფ ჰარინგთონ (ირლ) კიდ: გვირჯიშვილი ჩიხლაძე; 4-5 აქუბარდია პოღოსიანი

ფოტორეპორტაჟი: © ანი ბერთლანი


https://web.facebook.com/pg/LeloSaracensTbilisi/photos/?tab=album&album_id=592589197599844

უკან დაბრუნება