ლელო ფინალშია

13.10.2016

საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა „ბ“ ლიგაში პირველობისათვის ქუთაისის „ბაგრატი“ და თბილისის „ლელო“ იბრძოლებენ.
ჯგუფური ეტაპი დღეს ფოთში, „კოლხი რაინდებისა“ და რუსთავის „ხარების“ შეხვედრით დასრულდება, თუმცა მისი შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვეღარ მოახდენს.
მოწინავე 8 გუნდში, „ნ“ ჯგუფში ექვსივე თამაში მოიგო ქუთაისის „ბაგრატმა“ და 4 პრემიალური ქულაც მიიწერა. დასკვნით ტურში მათ კიკეთში „იუნკერი ჩოხოსნებს“ დაძაბულ ბრძოლაში 10:8 აჯობეს. „ო“ ჯგუფი დაუმარცხებლად დაასრულა და 5 პრემიალური ქულა ჩაიწერა თბილისის „ლელომ“, რომელმაც დასკვნით ტურში უახლოეს მდევარს, ქუთაისის „აია 1“-ის უშანსოდ, 26:13 სძლია. თბილისელებმა ერთის წილ 4 ლელო დადეს და პრემიაც აიღეს. მათ ამ გამარჯვებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ახლა ფინალში ქუთაისის კიდევ ერთ წარმომადგენელს, „ბაგრატს“ შეხვდებიან.
ბრინჯაოსთვის „იუნკერი ჩოხოსნები“ და „აია“ ითამაშებენ. ჭაბუკთა „ბ“ ლიგის დანარჩენ გუნდებს, მათ შორის შუა რვეულის წარმომადგენლებს, სარეიტინგო თამაშები ელით.

ზურა ქსოვრელი

 

უკან დაბრუნება